გილოცავთ ქალბატონო იზა!
(სკოლა ,,აკადემოსის” დაამარსებლი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი,იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის ჯილდოს მფლობელი.)
“ქალბატონო იზა, მინდა მოგილოცოთ ის უძვირფასესი ჯილდო, რომელსაც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი ჰქვია და რომელსაც თქვენ უდავოდ იმსახურებთ! ისეთი მეცნიერისთვისაც კი, როგორიც თქვენ ხართ, ვისი წარმატებული საქმიანობაც არასდროს ყოფილა ყურადღების მიღმა დარჩენილი და არაერთი პრემიის ლაურეატი თუ ჯილდოს მფლობელი ბრძანდებით, ვფიქრობ, ეს მედალი განსაკუთრებულია!
ამ რეგლამინტირებულ მოლოცვის ტექსტში შეუძლებელია იმ სათქმელის ჩატევა, რომელიც სრულად ასახავდა თქვენს ღვაწლს ქართული ენათმეცნიერებისა და სამშობლოს წინაშე! თქვენი ლინგვისტური შესაძლებლობები და დამსახურება ფართოდ არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დამსახურებულად გაფასებენ და ითვალისწინებენ თქვენს ბრწყინვალე კვლევებს ჩვენი უცხოელი კოლეგებიც. მათ აღარ დავასახელებ, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ სასიხარულო ამბავს თავადაც სათითაოდ მოგილოცავენ!
მე მხოლოდ იმას ვიტყვი, პირადად როგორ გხედავთ: იშვიათია ნამდვილი მეცნიერის ყველა თვისება ასე იყოს გაერთიანებული ერთ ადამიანში: არაჩვეულებრივი მეცნიერული ალღო, უკიდეგანო ცოდნა და ინფორმაციულობა, დაუშრეტელი ენერგია და, მთავარი: შესაშური მეცნიერული კეთილსინდისიერება! მართალია, ეს უკანასკნელი ნაწილობრივ თქვენი საამაყო დიდი მასწავლებელების დამსახურებაც არის, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველ რიგში მაინც შინაგანი თვისებაა, რომელიც მეცნიერს ან აქვს, ან არა აქვს! ამიტომაც იქცევა თქვენი ყოველი ახალი ნაშრომი ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის – თქვენი აღზრდილების, აწ უკვე თქვენი უმცროსი კოლეგებისთვის სამაგიდო წიგნად! ამის ფუფუნება ხომ მხოლოდ გამორჩეულ მეცნიერებს აქვთ!
თქვენ საამაყოდ ისიც კი გეყოფოდათ, 20-მდე დოქტორანტი რომ აღზარდეთ და მათი უმრავლესობა (მათ შორის მეც!) დღეს დოქტორია! მაშინ თუ არ ვიცოდი, ახლა ხომ ვიცი, რა კოლოსალური შრომა იდება თუნდაც ერთი დოქტორანტის (/ასპირანტის) ხელმძღვანლობაში! თავს უფლებას მივცემ ჩემი და მათი სახელითაც მადლობა გითხრათ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ! მითქვამს და ვამბობ: არ არსებობს მეორე თქვენნაირი ხელმძღვანელი!
მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რომელიც სვანური ენის კვლევაში მიგიძღვით!
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ სვანური ენის (ცხადია, არა მარტო სვანურის!) კვლევის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიაზაციის ერთ-ერთი პიონერი ხართ!
მადლობას გიხდით იმ 13 მონოგრაფიისა და 350-მდე სტატიისთვის, რომელთა გარეშე ახალი სრულფასოვანი კვლევები გაჭირდებოდა!
დაბოლოს, მოწიწებით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მშობლიურ ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და დედა უნივერსიტეტს ამ უძვირფასესი ჯილდოს კანდიდატის ასე სწორად შერჩევისთვის!
კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! დანარჩენი კი ნამდვილად გაქვთ: პირველი – ეს არის უშრეტი ახალგაზრდული ენერგია და ასევე ახლგაზრდული სხარტი გონება – საწინდარი იმისა, რომ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომით გაგვახარებთ! და მეორე – არჩვეულებრივი ოჯახი, მზრუნველი ქალიშვილი და შვილიშვილები, რომელთა მიერ შექმნილი პირობები მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი შესაშური შრომისნაყოფიერებისა და მისი შედეგის რეალიზაციისთვის!”
თსუ ასოცირებული პროფესორი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ქეთევან მარგიანი.